თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დუმაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
დიდი შეშფოთებით შევიტყვეთ, რომ 7 აპრილის საღამოს სირიაში განხორციელდა ქიმიური იარაღით ახალი თავდასხმა, რომლის სამიზნეც დუმა იყო და რომლის შედეგადაც მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმას, რომელიც, სავარაუდოდ, განხორციელდა იმ რეჟიმის მიერ, რომლის ქიმიური იარაღის გამოყენების ისტორიაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.
ეს ინციდენტი ცხადყოფს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს 2118, 2209 და 2235 რეზოლუციები სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ კიდევ ერთხელ სრულიად უგულებელყოფილია.
ჩვენ ველით, რომ საერთაშორისო საზოგადოება რეაგირებას მოახდენს ამ თავდასხმაზე და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძოდ, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია, დაუყოვნებლივ გამოიძიებს ამ საქმეს.
მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომელსაც გავლენა აქვს სირიის რეჟიმზე, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რათა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ასეთი სასტიკი თავდასხმები, რომლებიც წარმოადგენს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, განურჩევლად ისახავს მიზნად მშვიდობიან მოსახლეობას და განმეორდება წარსულში განხორციელებულ თავდასხმებზე რეაგირების ზომების მიუღებლობის გამო, და გადადგას აუცილებელი ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს თავდასხმები დაუსჯელი არ დარჩეს.


